აქტუალური
თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. დედაქალაქში კიდევ ერთი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება. გვირაბებისა და ესტაკადების კომპლექსი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდთან დაიწყება და რამდენიმე კილომეტრზე გაგრძელდება. სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე კი მოძრაობა ცალმხრივი გახდება.
პროექტის მიხედვით, ახალი მშენებლობები, ესტაკადები, ხიდები მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე 2012 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა აიგოს. პირველი მშენებლობა უკვე დაწყებულია მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან. იქ 100-მეტრიანი ბეტონის გვირაბი აშენდება. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, რომლებიც მოძრაობის განტვირთვის მიზნით აშენდება მარჯვენა სანაპიროზე, იქნება კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ჩამოსასვლელი ესტაკადა, მეორე – ლაგუნა-ვერეს“კვანძზე, შემდეგ – პანდუსი გალაკტიონის ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე; ასევე, ესტაკადა ბარათაშვილის ხიდთან, იუსტიციის სახლის წინ, და ბოლო საკვანძო ადგილი, სადაც მშენებლობა 2012 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, არის გვირაბი და პანდუსი გორგასლის ხეივანში.