პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ივანიშვილს ატყუებენ!“

burjanaZe-nino1თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისივე პარტნიორები ატყუებენ. 16 თებერვალს „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ბიზნესმენის მომავალი პარტიის რეგიონული სტრუქტურების შექმნის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება (წინა დღეს, 15 თებერვალს, მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის დროს ივანიშვილმა 44 რეგიონული სტრუქტურის შექმნის შესახებ ილაპარაკა).

„ივანიშვილი ენდობა თავის გარემოცვას, მაგრამ მან სიმართლე უნდა იცოდეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არარსებული სტრუქტურების იმედი ექნება, რაც რეალურად შეამცირებს მისი გამარჯვების შანსს“, – მიიჩნევს ბურჯანაძე. მან პირადად ივანიშვილის მიმართაც გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები და აღნიშნა, რომ ბიზნესმენს ჯერ არ გამოუყენებია ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების მის ხელთ არსებული რესურსი. „ოპოზიციური გაერთიანება უნდა ყოფილიყო დიდი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. სწორედ ამგვარი გაერთიანება იქნებოდა მმართველი რეჟიმის ალტერნატივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ცნობილია, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შედიან „რესპუბლიკური პარტია“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“. გარდა ამისა, მოსალოდნელია. რომ ახალ გაერთიანებაში წარმოდგენილი იქნება პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ და გუგული მაღრაძის „ქალთა პარტია“. ივანიშვილის პოლიტიკურ ბლოკში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიქმნება, კოალიციის წევრების გარდა „კონსერვატიული პარტია“ და „ხალხის პარტია“ შევლენ.