თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. უფლებადამცველი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დეპუტატების დარწმუნებას, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დეკემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებები გადასახედია.
იმ ფაქტის გამოხატვის მიზნით, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ორგანიზაციების და ინდივიდუალური პირების ფართო სპექტრს შეეხოს, კამპანიას მათ შემდეგი სახელწოდება შეურჩიეს: „ეს შენ გეხება!“
კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის, ყოველკვირეული ჟურნალი „ლიბერალი“. კამპანიის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.ჯგუფი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებსაც უწესებს, „ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას“. ჯგუფი, ასევე, აცხადებს, რომ „კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება მათი არათანმიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა“. ჯგუფი შეშფოთებულია იმის გამოც, რომ, კანონით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული პოლიტიკური მიზნით ფულადი სახსრების ან სხვა სახის უპირატესობის მიღებაზე, თუ ამ ქმედების ჩადენა შეგნებულად ხდება.
ანალოგიური შეშფოთება გამოთქვა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ, რომელმაც აღნიშნა 13 თებერვალს საქართველოში რვადღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, რომ დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ პირობებს ქმნის“.
მმართველი პარტიის დეპუტატები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კორუფციის აღკვეთაა, ასევე, ხვრელების შევსება, რათა გამოირიცხოს გარემოება, სადაც მსხვილ ფინანსებს არაპროპორციულად დიდი ზეგავლენა ექნება დემოკრატიულ პროცესებზე.
ამ საკითხზე კამათისას ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამენ პოლიტიკური პარტიების შესახებ შეცვლილი კანონის იმ დებულებას, რომელიც აცხადებს, რომ კანონის მიერ გათვალისწინებული შეზღუდვები ვერ იქნება გამოყენებული გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის კომენტირებისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა 14 თებერვალს: „მე ვფიქრობ, რაც საზოგადოების რეაქციიდან ნათელია, რომ ამ კანონმდებლობის ასპექტების შესახებ წუხილები არსებობს“.
„მე ვიცი დებულება ამ კანონმდებლობაში, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ შეიძლება მისი [კანონის] გამოყენება გამოხატვის თავისუფლების ან პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ნათელია, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია საქართველოში კვლავ შეშფოთებულია, მიუხედავად ამ დებულებისა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, ასევე, იყოს წესების დაზუსტების პროცესი, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს მათი შესაბამისი პასუხისმგებლობები“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს „ძალიან კონკურენტუნარიანი კამპანიის“ ჩატარებაში, რათა შედგეს რაც შეიძლება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რასაც შედეგად ისეთი პარლამენტის ჩამოყალიბება მოჰყვება, რომელიც სრულად ასახავს ქართველი საზოგადოების შეხედულებებსა და მომავალს.
16 თებერვალს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც კამპანიას – „ეს შენ გეხება!“ – ახორციელებენ, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში ჯგუფმა „Facebook“-ზე გვერდი გახსნა და ამ საკითხთან დაკავშირებით ვებგვერდის გახსნასაც გეგმავს. ჯგუფმა პეტიცია და მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტს დღეს წარუდგინა, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გაიმართა.
პეტიციაში ნათქვამია: „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში“.