აქტუალური
ჯიოევა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს

alla-Jioeva2თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

როგორც ჯიოევამ „Русский репортер“-თან ინტერვიუში განაცხადა, იგი დანებებას არ აპირებს და სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღიარებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„პოლიტიკა საშინელი, ბინძური საქმეა და ამ საზიზღრობისგან სიამოვნებით ვიქნებოდი დისტანცირებული, თუმცა არ შემიძლია, სიმართლეზე უკან დავიხიო, რადგან სიმართლის სანაცვლოდ ჩემი ხალხისთვის არაფერი შეუთავაზებიათ. ადამიანებმა ადამიანად იგრძნეს თავი და არა კუთხეში მიმწყვდეულ ცხოველებად. ეს უკვე გამარჯვებაა. მჯერა, რომ მომავალშიც მოიძებნება ძალები, რომლებიც ამ საქმეს გააგრძელებენ“, – განაცხადა ჯიოევამ.

შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოში ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით მოათავსეს. ოპოზიციის ლიდერი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მის შტაბში ძალოვანები შეიჭრნენ და ჯიოევას გენპროკურატურაში გადაყვანა გადაწყვიტეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. იგი მკურნალობას განაგრძობს.