საზოგადოება
სააკაშვილის მორიგი დაპირებები: რეალობა თუ წინასაარჩევნო პიარი?

misha-beridzeebtanთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გუშინ, 2012 წლის 16 თებერვალს, ბათუმში ბერიძეების ოჯახს ესტუმრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

აღნიშნული ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ეს სტატუსი მას იმ მიზეზით მოუხსნეს, რომ მისი ერთ-ერთი წევრი – აპლასტიური ანემიით დაავადებული 10 წლის გიორგი, ოჯახმა ნათესავების დახმარებით იტალიაში სამკურნალოდ წაიყვანა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოზარდი ჯანდაცვის ვერცერთ პროგრამაში ვერ მოხვდა და სახელმწიფო დაზღვევა მოეხსნა, ოჯახს კი მისი ყველა წევრის უმუშევრობის მიუხედავად, სოციალური დახმარება გაუუქმეს.

პრეზიდენტი ბერიძეების ოჯახში სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად მივიდა და ადგილზე დაინტერესდა იმით, თუ რა კრიტერიუმებით მოეხსნა ოჯახს სოციალური დახმარება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი გაუგებრობის გამო არცერთ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა. მიხეილ სააკაშვილმა გამართული და უფრო მოქნილი სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ბევრად მეტად გვინდა, ხალხს დავეხმაროთ და ბევრად ნაკლებს ვეხმარებით, მაგრამ მთავარია, რომ ეს დახმარება სწორად განაწილდეს. თქვენ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ ამ ხალხთან. ამიტომ თქვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ასეთი ოჯახები არ დაიჩაგროს უსამართლოდ. ამ შემთხვევაში ჩემი თვალით ვხედავ უსამართლობას – ასეთი ოჯახი აღმოჩნდა არა მხოლოდ დაუცველი, არამედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფილიც. იმას, რაც აქ მოხდა, სხვა არაფერი არ ჰქვია. ჩვენ არ ვართ ნავთობის და გაზის ქვეყანა და ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, გადასახადებიდან მოდის და სამართლიანად უნდა განაწილდეს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ამ თანხის უსამართლოდ განაწილება იქნება. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია დავწეროთ, შევქმნათ ახალი, ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტიანი სისტემა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად, მოსახლეობას ენერგოვაუჩერები დაურიგდება. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ზამთარი წელს განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა, ხალხს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი 20-30 %-ით გაეზარდა, ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის მდგომარეობის შემსუბუქება და ენერგოვაუჩერების საშუალებით გაზრდილი ხარჯის ბიუჯეტიდან ანაზღაურება დაავალა.