პოლიტიკა
თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისში მომავალი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა დაასახელა.
საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, უფლებადამცველი თამაზ ავდალიანი, იურისტი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ექსპერტი თედო ჯაფარიძე, გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე; ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი, კახი კალაძე.საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შექმნას პოლიტიკური პარტია და მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მათ 44 რეგიონში უკვე აქვთ რეგიონული სტრუქტურები და მარტის ბოლომდე მათ ფორმირებას დაასრულებენ.
„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ჩვენთვის ხელის შეშლას და ეს პროცესი ამიტომ გაგვიჭიანურდა. ეს არის სააკაშვილის დემოკრატია, რომელიც მეპატრონეებს ქონების გაქირავებას უკრძალავს. მარტის ბოლოს, მაქსიმუმ, აპრილის დასაწყისში, ჩვენ პარტიის პრეზენტაციას აუცილებლად შევძლებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.