პოლიტიკა
ჩირიკბა: „ჩვენც კონფლიქტის მოგვარება გვსურს“

v-picundeთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პადრიგ მერფი  ბიჭვინთაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სათავეების, მისი ისტორიისა და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებისადმი მიძღვნილ სემინარში მონაწილეობდნენ.

აფხაზური მხრიდან სემინარში აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სოკრატ ჯინჯოლია, „საზოგადოებრივი პალატის“ მდივანი ნათელა აკაბა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და სხვები იღებდნენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, სემინარი ჩვენი მისწრაფებებისა და პოზიციის უკეთ გაგებას შეუწყობს ხელს. არ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები და კოლეგები ჩვენს თვალსაზრისს მიიღებენ. თუმცა ჩვენ ამ ღონისძიების სარგებლიანობაში დარწმუნებული ვართ. ჩვენი პარტნიორები აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტით პირდაპირ არიან დაკავებული და მათი მოტივაცია კონფლიქტის გადაწყვეტაა. ამაში ჩვენი აზრები ემთხვევა, ჩვენც კონფლიქტის მოგვარება გვსურს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.