საზოგადოება
საქართველო: ყინვით დაზარალებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება!

yinva3თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა სიმპტომით 1300-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთა შორის 210 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოხდა. აქედან სხვადასხვა ხარისხის ტრავმა და მოტეხილობა 25 მოქალაქემ წუხელ მიიღო.

რეფერალური ჰოსპიტალის დამწვრობის ცენტრში კი სხეულის მოყინვითა და გადაციებით შვიდი პაციენტია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ამბულატორიული მკურნალობა ოთხ პაციენტს დასჭირდა.

ამასთან, დღეს დანიშნულია ქირურგიული ოპერაცია, რომელზეც 45 წლის თბილისელ ქალბატონს ქვედა კიდურების მოყინული ფალანგების ამპუტაცია ჩაუტარდება.

მიმდინარე წელს საქართველოში სხეულის მოყინვით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც რამდენიმე დღის წინათ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, „მთავარ პრობლემად კვლავ უამინდობის ნიადაგზე დაშავებულთა გაზრდილი რაოდენობა რჩება“. თუმცა მერმა იქვე აღნიშნა, რომ „მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს და რაიმე სახის დაზიანება მიიღო ამ დღეებში, მკურნალობის ხარჯები სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდებათ“.  მისივე თქმით, ყველა სტრუქტურა მობილიზებულია და საფეხმავლო ადგილებზე ტექნიკური მარილი იყრება.

თუმცა, როგორც ჩანს, მერიის „ძალისხმევა“ არც ისე შედეგიანია, რადგან მოყინული საფეხმავლო გზები მაინც პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებში.  საავადმყოფოებს კი ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიმართავს.

P.S. კიდევ კარგი, ბატონი უგულავა პატარა თბილისის და არა დიდი მოსკოვის მერია, სადაც, თითქმის, ნახევარი წლის განმავლობაში ყინავს და თოვლი შეუდარებლად უხვად მოდის...