სამართალი
„ბლოგ ჯორჯიამ“ ზუგდიდში 120-მდე მედპერსონალი უმუშევრად დატოვა

eqimebi-esartia-aqciaზუგდიდი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს 120-მდე მედპერსონალი საავადმყოფოს მფლობელმა, კომპანია „ბლოგ ჯორჯიამ“ უმუშევრად დატოვა. საავადმყოფოს დირექტორმა ქეთევან ზარქუამ ექიმებს პაციენტების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვრის შემდეგ აუკრძალა, „ბლოგ ჯორჯია“ კი საავადმყოფოს ოფიციალურად მიმდინარე წლის 1 მარტიდან დახურავს.

ექიმებმა საავადმყოფოს დახურვა გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ აქციით გააპროტესტეს და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

ექიმები ამბობენ, რომ მათი ამხანაგობისთვის კუთვნილი 10% „ბლოგ ჯორჯიამ“ მიითვისა და ახლა მათ გარეთ ყრიან.

120-მდე მედპერსონალიდან მხოლოდ 6-ის დასაქმება მოხერხდა, დანარჩენებს კი საავადმყოფოს დირექტორი ვერაფერს ჰპირდება.

თავად „ბლოგ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ 100%-იან წილს თავად ფლობენ და ექიმებს არანაირი წილი საავადმყოფოში არ ჰქონიათ. მათივე თქმით, საავადმყოფოს დახურვა მოძველებულმა აპარატურამ და ექიმების მიერ ტესტირებაზე ნაჩვენებმა დაბალმა ქულებმა განაპირობა.

120-მდე ექიმი „ბლოგ ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.