რელიგია
რონი ფუქსის მადლობის წერილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს

roni-fuqsiii1212თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ არჩილ კბილაშვილმა – ისრაელელი ბიზნესმენების, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის, ადვოკატმა, საქინფორმს ამ უკანასკნელის მადლობის წერილი გადმოსცა, რომლის ადრესატია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მკითხველს უდავოდ ახსოვს, რომ საქინფორმი დაწვრილებით აშუქებდა ისრაელელი ბიზნესმენების მთელ ისტორიას – 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში „მაღალი თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის“ შეთითხნილი ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებიდან დაწყებული, 2012 წლის 2 დეკემბერს ციხიდან გათავისუფლებამდე, როდესაც მათ იმავე დღეს დატოვეს საქართველო.

2011 წლის 18 აპრილს კი საქინფორმი იუწყებოდა, რომ ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ისრაელელი ბიზნესმენები, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ხანგრძლივი ვადით (რონი ფუქსს – 7 წლით, ზეევ ფრენკელს კი – 6,5 წლით) პატიმრობა მიუსაჯა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა, რომელსაც თან ახლდა დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი.

როგორც ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა აუწყა მაშინ საქინფორმს, შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა. ილია II გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გაგრძელდება. მან ფუქსსა და ფრენკელს მალე გათავისუფლება უსურვა და საჩუქრები გადასცა თაფლი, სანთლები, სამაჯურები, დისკები ანსამბლ რუსთავის სიმღერებით და გარკვეული ფულადი თანხა, რომელიც პატიმრებს სპეციალურ პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხათ, – განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, ბიზნესმენები პატრიარქთან შეხვედრით გამოწვეულ აღტაცებასა და ემოციებს ვერ ფარავდნენ.

და აი, 2012 წლის 4 იანვარს რონი ფუქსმა ისრაელიდან კათოლიკოს-პატრიარქს მადლობის წერილი გამოუგზავნა, რომელიც მეორე დღეს (5 იანვარს) ისრაელელ ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის თანდასწრებით პირადად წაუკითხა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს:

მის უწმიდესობას ილია II,

სრულიად საქართველოს პატრიარქს

თქვენო უწმიდესობავ,

მსურს, ჩემი ღრმა მადლიერება გამოვხატო იმ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, როცა 2011 წლის 15 აპრილს საპყრობილეში ყოფნის დროს მომინახულეთ.

მაშინ, როდესაც თქვენ ეს არ გევალებოდათ, თქვენმა მობრძანებამ და დალოცვამ ყოველდღიურ სიძნელეთა გასამკლავებლად მხნეობა, უზარმაზარი მხარდაჭერა და სულიერი ძალა შემმატა.

თქვენმა ყურადღებამ დამარწმუნა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემის ურღვევი კავშირი სუფევს. ძვირფასი საჩუქრები, რომლებიც თქვენ მე გადმომეცით, მუდამ მახსენებს ჩვენი ხალხების ამ განსაკუთრებულ კავშირს.

ვესწრაფვი იმ დროს, როდესაც შესაძლებლობა მომეცემა, გიხილოთ ჩემს სამშობლოში, რათა მადლიერების სიტყვები პირადად გითხრათ.

მადლობა საპატრიარქოში თქვენს თანამოღვაწეებს, ვინც თქვენთან ერთად სათნოების, კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმის ზემოაღნიშნული მისია აღასრულა.

თქვენო უწმიდესობავ, გთხოვთ, ნება მიბოძოთ, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგილოცოთ თქვენ დაბადების დღე. გისურვებთ შეურყეველ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ღრმა პატივისცემით,

რონი ფუქსი

4 იანვარი, 2012 წელი,

ისრაელი

samadlobeli