თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. „ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ნიუ-დელიში ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქებისა და თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის უკან ირანი დგას“, – იტყობინებიან „როიტერი“ და „Associated Press“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი პოლიციას დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს საკუთარ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობლობა აღმოაჩინა. შსს-ის თქმით, მოწყობილობა აფეთქებამდე იქნა გაუვნებელყოფილი. ასევე, 13 თებერვალს ნიუ- დელიში ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.„დღეს ჩვენ უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ ორი ტერორისტული მცდელობის მოწმენი გავხდით, – განაცხადა ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე. – ამ თავდასხმების უკან ირანი დგას და ის მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესი ექსპორტიორია“.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო თვეებში ანალოგიური თავდასხმები აზერბაიჯანსა და ტაილანდში აღკვეთა.
13 თებერვალს ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებაზე და თბილისში აფეთქების მცდელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
„ჩვენი სამართალდამცავები ამ თემაზე მუშაობენ; იმედია, არავის არ გაქვთ ეჭვი იმაში, რამდენად ეფექტურად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავები. როგორც კი გამოძიება დამთავრდება, საზოგადოებას იმ წამსვე მიაწვდიან კომენტარებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
ინციდენტებს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილის, იმად მუღნიას, მკვლელობის ოთხი წლისთავი; მის მკვლელობას ისლამისტები ისრაელს აბრალებენ.
2011 წლის თებერვალში, მუღნიას მკვლელობის სამი წლისთავის წინ, ისრაელის პრესა იტყობინებოდა, რომ ისრაელის კონტრტერორიზმის ბიურომ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი საფრთხის გამო გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, თავი შეეკავებინათ ისეთ ადგილებში გამგზავრებისგან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, თურქეთი, კოტ დივუარი, მავრიტანია და ვენესუელა.