თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობას ორი დეპუტატი გამოაკლდა. ამ ბოლო დღეებში კი უმცირესობა ერთმა დეპუტატმა დატოვა.
ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან ხურციძის, საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ 11 თებერვალს გახდა ცნობილი. როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხურციძის არასაკმარისი აქტიურობა იყო. ბეჟან ხურციძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია.
13 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიზეზების დაკონკრეტების გარეშე გავიდა.გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა, ფრაქცია, რომლის ხელმძღვანელიცაა გია თორთლაძე და რომელიც „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობაშია გაერთიანებული.
ამასთან, მარსაგიშვილი, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატად რესპუბლიკური პარტიის წარდგენით იქნა არჩეული, გაერთიანდა ოპოზიციურ ფრაქციაში „ერთობა სამართლიანობისთვის“.
საპარლამენტო უმცირესობიდან მისი წამოსვლის გამო თორთლაძის ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან მასში 5 დეპუტატი დარჩა, ფრაქციის არსებობისათვის საჭირო 6 დეპუტატის ნაცვლად.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციამ, რომელშიც 7 დეპუტატია გაწევრებული, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ერთი დეპუტატის, კერძოდ კი, რატი მაისურაძის, გამოკლების ხარჯზე შეავსოს პარტნიორი ფრაქციის რიგები, რათა მისი დაშლა თავიდან იქნეს აცილებული. ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციაში კობა კურდღელაშვილი გაერთიანდა, რამაც უმცირესობის დაშლის საფრთხე გაანეიტრალა. „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ დეპუტატ ლევან ვეფხვაძის თქმით, ფრაქციაში ახალ წევრად მიღებაზე კურდღელაშვილთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამგვარი კონსულტაციები უმრავლესობიდან კიდევ ორ მაჟორიტარ დეპუტატთან გრძელდება.
ამასთან, ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ 13 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი წევრის დათმობის ხარჯზე საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
ამ ეტაპზე არსებული სურათი კი შემდეგია: უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების საერთო რაოდენობა შეადგენს 24-ს, ხოლო უმცირესობაში გაერთიანებული დეპუტატების ოდენობა 13-ია, რაც დასაშვებ ზღვარს ერთით აღემატება. ასეთი კონფიგურაცია უმცირესობის არსებობას საფრთხეს არ უქმნის.