სამართალი
თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფარი დედაქალაქის ყველა რაიონში გაიხსნება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მე-5 საავადმყოფოში ყინვების შედეგად დაშავებულები მოინახულა და მერიის მიერ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მერიაში იყო თათბირი, რომელზეც უფასო სასადილოების ტრანსფორმირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, თბილისის ყველა რაიონში უსახლკაროებისთვის ყინვების პერიოდში გაიხსნება თითო თავშესაფარი, სადაც ისინი ცხელ სადილსაც მიიღებენ.თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება ვაკე-საბურთალოს რაიონში – ცაგარელის №19-ში, დიდუბე-ჩუღურეთში – ვანის ქუჩა №4-ში, ძველ თბილისში – პეტრიაშვილის №25-ში, ისანი-სამგორში – ზემო ფონიჭალა, მე-3 მიკრორაიონის №209 ბაგა-ბაღში, გლდანი-ნაძალადევში – გურამიშვილის №33 ა-ში.
ოფიციალური მონაცემებით, ძლიერი ყინვების შედეგად თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მე-5 საავადმყოფოში მოყინვისა და ტრავმის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, სამი უსახლკარო მოქალაქე სხეულის მოყინვის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო 9 დაზარალებული სტაციონარშია მოთავსებული. სულ მოტეხილობებით კლინიკებს 250-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. იმ პაციენტების სამედიცინო ხარჯებს, რომელთაც დაზღვევა არ აქვთ, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი დაფარავს.