პოლიტიკა
ირანი ისრაელის ბრალდებებს უარყოფს

mahdi-nabizadeთბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. ირანი თბილისსა და დელიში საელჩოებზე განხორციელებულ შეტევაში მონაწილეობაზე ისრაელის ბრალდებებს უარყოფს. „როიტერის“ ცნობით, დელიში ირანის ელჩმა მეჰდი ნაბიზადემ ისრაელის ბრალდებებს სიცრუე უწოდა. „ირანი ნებისმიერ ტერორისტულ აქტს გმობს და ჩვენ ებრაული მხარის ყველა კომენტარს დაბეჯითებით უარვყოფთ. ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და, უბრალოდ, სიცრუეა, ისევე, როგორც წინა ბრალდებები“, – განაცხადა ნაბიზადემ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ თბილისსა და დელიში ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის უკან დაჯგუფება „ჰესბოლა“ და ირანი დგანან. ისრაელის პრემიერმა ისლამურ რესპუბლიკას მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორობაში დასდო ბრალი.

ინფორმაცია თბილისსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში ისრაელის საელჩოების აფეთქების მცდელობის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „BBC“-მ გაავრცელა. დელიში ისრაელის საელჩოსთან დიპლომატიური მისიის ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც სამხედრო ატაშეს მეუღლე დაიჭრა. დაშავდნენ გამვლელებიც.

საქართველოს შსს-ის ინფორმაციით კი, ისრაელის საელჩოს თანამშრომელ რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად გააუვნებელყვეს. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს