პოლიტიკა
თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. „ქართველმა სამართალდამცველებმა 13 თებერვალს თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შსს-ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის საელჩოში მომუშავე საქართველოს მოქალაქის მანქანაზე იყო დამონტაჟებული. მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოს თანამშრომელმა აღმოაჩინა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს მანქანა აფეთქდა. ნიუ-დელიში საელჩოს მანქანის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
„ერთი თავდასხმის მცდელობა და ერთიც წარმატებული თავდასხმა განხორციელდა“, – იტყობინება „როიტერი“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან, ასევე, დაადასტურა, რომ თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი ადგილობრივმა პოლიციამ გააუვნებელყო.