მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოთხი თვის განმავლობაში სისტემატურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, ეცნობოდა ამ პარტიების მსოფლმხედველობას, წარსულს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც, თუ ვისთან ითანამშრომლებდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო.
„ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო დიდ დროს უთმობს ოქრუაშვილის კრიტიკას, ვიდრე ხელისუფლებისას, სინამდვილეს არ შეესაბამება. ხელისუფლების კრიტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რატომღაც, ეს კრიტიკა მასმედიაში ნაკლებ რეზონანსს პოულობს. მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მომავალ თვეებში. ყოველთვის, როდესაც გამოითქმება ხელისუფლების კრიტიკა, ის იქნება არგუმენტირებული, ის იქნება საფუძვლიანი და გამყარებული ფაქტებით“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ თავდაცვისა და პოლიციის სფეროს დაფინანსების თაობაზე ოქრუაშვილის განცხადებას, ფანჯიკიძე განმარტავს, რომ „ივანიშვილი ნამდვილად აფინანსებდა აღნიშნულ სფეროებს, თუმცა მას არასოდეს დაუფინანსებია იარაღისა და სხვა სახის აღჭურვილობა“.
„ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი არის არადამაჯერებელი და არასანდო პოლიტიკური ფიგურა, რასაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც ადასტურებს. ძალიან ბევრი კითხვაა თვითონ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, მე მგონი, მან ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ვიდრე სხვის ტყუილებზე ილაპარაკებს“, – დასძინა ფანჯიკიძემ.