თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები პეტიციას ავრცელებენ. ისინი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. აღნიშნულ პეტიციას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც
– ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;– მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
– განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას;
– სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;
– აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“.