ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნის გაცემის ვადა ხვალ იწურება
თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შს სამინისტროს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნის გაცემის ვადა 14 თებერვალს ეწურება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს. მათი განმარტებით, სწორედ რეესტრისა და შსს-ის მიერ გაცემული დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.
ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრისა და შს სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, პრეზიდენტს, კანონით, 30-დღიანი ვადა აქვს, რათა ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ქუცნაშვილის ცნობით, არსებული პრაქტიკით, როგორც წესი, პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში აწერს ხელს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 5 იანვარს მიმართეს.