პუბლიკაციები
„თბილისის ვაგზალი - USA არმიის "სავერბოვკო" პუნქტია?!“

zia-semi1812 წლის ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს ყასაბი სემუელ უილსონი, რომელიც ხორცს აწვდიდა ნიუ იორკის სამხედრო ბაზა ტროის, ხორცით სავსე კასრებს მარკირებას უკეთებდა ასოებით U.S., რითაც მხედველობაში ჰქონდა შეერთებული შტატები (United States), ხოლო ამერიკელი ჯარისკაცები U. S. აბრევიატურას სხვაგვარად განმარტავდნენ – ხუმრობდნენ, ხორცი ძია სემის (Uncle Sam) გამოგზავნილიაო!

1877 წელს მხატვარ ტომას ნასტის კარიკატურის წყალობით, ძია სემი (ძველმოდურწვერიანი ხანდაზმული კაცი საშიში მზერით, ამერიკის დროშის ფერებში ცილინდრ-ფრაკ–პანტალონებში გამოწყობილი) ამერიკის შეერთებული შტატების პერსონიფიცირებულ სახედ იქცა.

1917 წელს კი აშშ-ის არმიაში მომსახურე მხატვარმა ჯ. ფლაგმა ძია სემი გამოსახა პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცების დასავერბოვკებლად: «I WANT YON FOR U.S.ARMY * NEAREST RECRUITING STATION» (შენ მჭირდები  შეერთებული შტატების არმიისთვის * უახლოესი გამწვევი პუნქტი) – წერია საყოველთაოდ ცნობილ პლაკატზე.

ვინ იფიქრებდა, რომ 2012 წელს (95 წლის შემდეგ!) ეს პლაკატი, უზარმაზარი ბანერის სახით, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრალური სარკინიგზო ვაგზლის დარბაზს დაამშვენებდა?! ოღონდ მასზე, ძია სემის გამოსახულების ქვეშ, ქართულად ერთი ფრაზა წერია, რომელიც შინაარსობრივად ძალიან ახლოა ორიგინალთან: „შენ სწორი გზით მიდიხარ!“

ნებისმიერი ვაგზალი – რკინიგზის, საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო – ქვეყნის კარიბჭე, მის შესახებ პირველი შთაბეჭდილებაა... ყოველდღიურად ტელეკომპანია „იმედი“ „გვაიმედებს“ და  გვაჩვენებენ კლიპს – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დარბაზს და ავღანეთის ომიდან დაბრუნებულ ქართველი სამხედროების ღიმილიან სახეებს...

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში კი ამ ომის გამჩაღებელი ბუში-უმცროსის სახელობის ქუჩით ვხვდებით (მოღიმარი ჯორჯის სახით დიდ ბანერს თბილისელები უკვე მიეჩვივნენ...).

ახლა ამ მილიტარისტულ პროპაგანდაში ჩართეს თბილისის ცენტრალური სარკინიგზო სადგურიც ძია სემის  ბანერითურთ: ნუ თუ იქ USA არმიის "სავერბოვკო" პუნქტი განთავსდება ახალწვეულთა ირანში გასაგზავნად?! სახმელეთო ოპერაციის გარეშე ხომ, სამხედრო ექსპერტების აღიარებით, ირანზე ავიაიერიშები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ხოლო სახმელეთო ოპერაციებში ქართველები უკვე გამოსცადეს ერაყსა და ავღანეთში... მთავარი კი ისაა, რომ თვინიერი ქართველი ჯარისკაცები ღატაკი საქართველოდან ამერიკას თავის ამერიკელ ჯარისკაცზე კვლავ ასობით ათასი დოლარით იაფი დაუჯდება!

მერე კი ყველაფერი დასახული სცენარით წარიმართება: თბილისი-ახალქალაქი-ყარსის ახალი რკინიგზით „NATO“-ს სატრანზიტო ტვირთებს გადაზიდავენ და ყასაბი ძია სემი (იხ. დასაწყისში) კვლავ მიაწვდის ხორცს, თუმცა უკვე – 2012 წლის მესამე მსოფლიო ომის დროს U.S. თბილისის სამხედრო ბაზაზე.

მაგრამ  ხორცი ამ ჯერზე მარტოოდენ საზარბაზნე იქნება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

თბილისი, 13 თებერვალი

www.asavali.ge