სამართალი
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ფინანსური დეკლარაციები 2011 წელს

kontoslis-tabთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი პარტიის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს შემოწირულობების სახით სულ 1.76 მილიონი ლარი მიიღო.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები კონტროლის პალატამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მმართველმა პარტიამ თავისი შემოწირულობების 95 პროცენტი, ანუ 1.66 მილიონი ლარი, 19 კომპანიისგან მიიღო.

ამ კომპანიებიდან, სულ ცოტა, ათი საქმიანობს სამშენებლო, საინჟინრო პროექტირებისა და გზების მშენებლობის სფეროში. ისინი სხვადასხვა დროს სახელმწიფოს კონტრაქტორებს წარმოადგენდნენ და მიღებული აქვთ სახელმწიფო დაფინანსება გაწეული სერვისებისთვის – ზოგს გზების დაგება-რეაბილიტაციისთვის, ზოგსაც გზების რეაბილიტაციის პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის.

ფინანსური დეკლარაცია 2011 წელს მოიცავს, როდესაც იურიდიული პირების მიერ შემოწირულობები დაშვებული იყო და როდესაც პოლიტიკურ პარტიას უფლება ჰქონდა, მაქსიმუმ, 100 000 ლარი მიეღო წელიწადში თითოეული კომპანიისგან. პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შევიდა, იურიდიული პირების მიერ შემოწირულობებს კრძალავს.

მმართველმა პარტიამ 2011 წელს ხუთი ფიზიკური პირისგან საერთო ჯამში 95 848 ლარი მიიღო. პარტიათა დაფინანსების ახალი რეგულაციების თანახმად, პოლიტიკურ პარტიას შეუძლია არაუმეტეს 60 000 ლარი მიიღოს თითოეული მოქალაქისგან წელიწადში, აქამდე ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული 30 000-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად.

კონტროლის პალატისადმი წარდგენილი ფინანსური დეკლარაციის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ექვსი ოფისი აქვს ქვეყნის მასშტაბით.

გასული წლის ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ კახეთის გზატკეცილზე ახლად აშენებულ სათავო ოფისში გადავიდა მას შემდეგ, რაც ძველი ოფისი თბილისის ცენტრში 2.7 მილიონ ლარად გაყიდა. ფინანსური დეკლარაციიდან ჩანს, რომ მმართველმა პარტიამ ახალ ოფისზე 3 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი დახარჯა.

პარტიის ხუთი დანარჩენი ოფისი ბათუმში, ხაშურში, თელავში, საგარეჯოსა და რუსთავშია განთავსებული.

გარდა შემოწირულობებისა, 2011 წელს მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მიიღო დაფინანსება 1.95 მილიონი ლარის ოდენობით.

ყოველწლიური სახელმწიფო დაფინანსება კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაა ხელმისაწვდომი – ანუ იმ პარტიებისთვის, რომელთაც ცალ-ცალკე ან სხვებთან ერთად საარჩევნო ბლოკში მიიღეს ხმათა 4% საპარლამენტო არჩევნებზე და 3% ადგილობრივ არჩევნებზე. აღნიშნული კრიტერიუმის საფუძველზე ამჟამად სახელმწიფო დაფინანსებას 17 პარტია იღებს, რისთვისაც 5.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მმართველი პარტიის დაფინანსება ყველაზე მეტია, რადგანაც ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე მან კონკურენტებზე მეტი ხმა დააგროვა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები აჩვენებს, რომ მათი უმეტესობისთვის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, შემოსავლების ძირითად წყაროს სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენდა.

თუმცა 2011 წლის ბოლოს ვითარება შეიცვალა ოთხი პარტიისთვის – „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, „ხალხის პარტია“ და „კონსერვატიული პარტია“ – მას შემდეგ, რაც ისინი მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები გახდნენ. ამ ოთხმა პარტიამ საერთო ჯამში 4.1 მილიონი ლარი მიიღო კორპორატიული შემოწირულობების სახით ივანიშვილთან ასოცირებული რამდენიმე კომპანიისგან, ასევე, ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებისგან. წელს იურიდიული პირებისაგან შემოწირულობების მიღება შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ამას პარტიათა დაფინანსების ახალი რეგულაციები კრძალავს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციებიდან ჩანს, რომ მათ უმეტესობას საწევრო გადასახადის სახით შემოსავალი არ მიუღიათ. ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელმაც გასულ წელს საწევროებიდან 13 700 ლარი მიიღო.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ფინანსური დეკლარაციის თანახმად, პარტიამ ხორცის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირნჰოფერისგან“ 25 000 ლარის შემოწირულობა მიიღო.

2011 წელს ქრისტიან-დემოკრატებმა ფიზიკური პირებისგან 17 200 ლარი მიიღეს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსებამ 767 583 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, 2011 წელს მათი დაფინანსება 230 422 ლარს შეადგენდა, საიდანაც 48 288 ლარი ფიზიკური პირების შემოწირულობაზე მოდის, ხოლო 182 134 ლარი – საბიუჯეტო დაფინანსებაზე.