თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებმა 2011 წელს 5 995 188,18 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა.
აქედან შემოწირულობების სახით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 1765778 ლარი, მათ შორის, 5 ფიზიკური პირისგან მიღებული შემოწირულობა – 95 848 ლარია და 23 იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობა 1669930 ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება 19550967,68 ლარს შეადგენს, მათ შორის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები – 1757240,52 ლარს და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიღებული სახსრები – 193727,16 ლარს.
სხვა ფულადი შემოსავლები 2278442,50 ლარს შეადგენს, რომელიც მიღებულია ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული საოფისე ფართის რეალიზაციის შედეგად.2011 წელს ორგანიზაციის მიერ გაწეულია 1709137,72 ლარის ოდენობის ხარჯი, საიდანაც ხელფასად გაცემულია 229200 ლარი, ხოლო შეძენილი საქონელი და მომსახურება შეადგენს 1047467,91 ლარს.
საანგარიშგებო პერიოდში, რომელიც შეადგენს 01.01.2011-01.01.2012 პერიოდს, ორგანიზაციის მიერ შეძენილია არაფინანსური აქტივები 3284115,62 ლარის ოდენობით, მათ შორის, შენობა-ნაგებობები – 3005126,72 ლარის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალებები – 110872 ლარის ოდენობით, სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი – 31417 ლარის ოდენობით, სხვა ძირითადი აქტივები – 1306699,90 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 6 საოფისე ფართი თბილისში, ბათუმში, ხაშურში, თელავში, საგარეჯოსა და რუსთავში, რომელთა საერთო ფართი 3688,19 კვადრატული მეტრია, ხოლო საბალანსო ნარჩენი ღირებულება – 3 296 034 ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო საბალანსო ნარჩენი ღირებულება 196 534 ლარია.
ბალანსის მონაცემებით, 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას ერიცხებოდა ფულადი აქტივები 812 404 ლარის ოდენობით, მათ შორის, ნაღდი ფული – 784 491 ლარი, ფული საბანკო ანგარიშზე – 15 255 ლარი, მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით – 12 657 ლარი.