თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის დიპლომატს განუცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დახარჯოს დრო და ფული „ჩართულობის და არაღიარების“ მიდგომაზე, რადგანაც ასეთ პოლიტიკას სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბს, საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩიკირბას და პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას.
„პირდაპირ გეტყვით, – მიმართა ანქვაბმა დიმიტროვს. – შეუძლებელია აფხაზების, აფხაზეთის რამეში ჩართვა. თუ ევროპა ჩვენს სადმე ჩართვას შეეცდება ჩვენი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, მე თქვენ გეტყვით: ნუ ხარჯავთ დროს, და შემიძლია დავამატო: ნუ ხარჯავთ ფულს აქ ჩამოსვლაზე ამ საკითხზე“.2009 წლის დეკემბერში ევროკავშირმა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრები“ შეათანხმა, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გამონახვას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი აღიარების გარეშე მათთან ურთიერთობას შეძლებდა.
„მითხარით, როგორც ადამიანმა, რომელიც სტუმრად მოვიდა აფხაზეთის ხელმძღვანელთან, მე ვტოვებ იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომლის სადმე ჩართვაც შესაძლებელია იაკობაშვილის რეცეპტით, რომელიც დღეს წარმატებულად მუშაობს საქართველოს ელჩად აშშ-ში?“ – ჰკითხა ანქვაბმა დიმიტროვს.
„ეს მისი იდეა იყო – აფხაზეთის სადღაც ჩართვა აღიარების გარეშე, რომელსაც ევროპამ მხარი დაუჭირა“, – დასძინა ანქვაბმა.
მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომელიც თემურ იაკობაშვილმა მოამზადა. იმ დროს იაკობაშვილი სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში.
„შეიძლება დაგაბრმავოს საერთაშორისო დიპლომატიის ბრწყინვალე იდეებმა, მაგრამ ისინი აფხაზეთს ნაკლებად მიესადაგება. თხოვნაა, ნუ გვასწავლით ცხოვრებას. ჩვენ თანაბარუფლებიანი დიალოგის და ცივილიზებული ურთიერთობების მომხრე ვართ“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.
„დავიღალეთ ასეთი დიპლომატიური მანერისგან. თუ ასე გაგრძელდება, დიალოგს აზრი აღარ ექნება; გთავაზობთ, რომ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ანქვაბმა.
მან საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებიც გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩვენ არასდროს გამოვიყენებთ მათ“.
მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სოხუმი სთავაზობდა თბილისს, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გაეროს ეგიდით შემოეღო სამგზავრო დოკუმენტები, თუმცა ეს წინადადება ქართულმა მხარემ არ მიიღო.
„ახლა რუსეთმა უკვე გამოგვიწოდა დახმარების ხელი და სხვა დოკუმენტები აღარ გვჭირდება“, – განაცხადა ანქვაბმა.
„აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ ევროკავშირის „ჩართულობის და არაღიარების“ მიდგომა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამაც გააკრიტიკა 8 თებერვალს ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრაზე. ჩირიკბამ განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა რაიმე რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგანაც სოხუმი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს პოლიტიკა აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციისკენაა მიმართული.
ჩირიკბამ, ასევე, განაცხადა, რომ „აფხაზეთის ზურგს უკან“ საკითხის განხილვა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, როგორც ეს, მისი თქმით, საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემთხვევაში მოხდა.
„იმისათვის, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ აფხაზეთი განხილულ იქნეს როგორც მოლაპარაკებების პროცესის თანასწორუფლებიანი მხარე“, – განაცხადა მან.