თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. სინოპტიკოსები ისევ თოვას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, აღმოსავლეთ საქართველოში თოვს. დასავლეთ საქართველოშიც თოვლის ნალექი დილიდან იქნება, ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.
გასულ ღამეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 0-3 გრადუსი იყო, აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე დაბალი ტემპერატურა -9 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა. წუხელ თბილისში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იყო.
სინოპტიკოსები ყველაზე დაბალ ტემპერატურას ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თებერვლის ღამეს პროგნოზირებენ. კერძოდ, თბილისში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება, -15 და -16 გრადუსი – შიდა ქართლის დაბლობში; -8 გრადუსი – დასავლეთ საქართველოს დაბლობში. ასეთი დაბალი ტემპერატურა ციტრუსების მოყინვის საფრთხეს შექმნის.
ამასთან, 12-დან 14 თებერვლის ჩათვლით, ქვეყანაში უნალექო ამინდები იქნება. 13 თებერვლიდან დათბება დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ბარში 5-10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყინვები 18 თებერვლამდე გაგრძელდება.