ივანიშვილი: „სეპარატისტული რეჟიმები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს“
თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გამოცემა„Der Standard“-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძნელი იქნება და მას ილუზიების შექმნა არ სურს. „პირველ რიგში, ისეთი სფეროები უნდა ვეძებოთ, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ემთხვევა. რუსეთისთვის ისეთი სეპარატისტული რეჟიმები, როგორიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშია, საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ თავად რუსეთის ჩრდილოკავკასიური რეგიონი ძალზე დიდ ფეთქებადსაშიშ პოტენციალს შეიცავს. ასევე, აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა, რათა ქვეყანა მიმზიდველი გახდეს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის. როგორ დაბრუნდებიან ისინი ახლა, როდესაც თავად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან?!“ – აღნიშნა ივანიშვილმა.