თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალში „ომონისა“ და უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შტაბი შტურმით აიღეს. ჯიოევა ხვალინდელი ინაუგურაციისთვის ემზადებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ ავრცელებს.
ჯიოევას შტაბის ერთ-ერთი წევრის, ელინა მარზოევას, ინფორმაციით, შტაბის შტურმის დროს „ომონთან“ ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მისი ცნობით, აღნიშნულის შედეგად ჯიოევა შეუძლოდ გახდა და ის ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაში იმყოფება.მარზოევას განცხადებით, სამართალდამცველები ალა ჯიოევას ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებენ. თანამშრომელი მამაკაცები, რომლებიც იმ დროისთვის შტაბში იმყოფებოდნენ, დაკავებული არიან. ისინი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ალა ჯიოევა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ ჯიოევას შტაბის წევრებზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად მისი გადაყვანა შსს-ში უნდოდათ, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში მოათავსეს.
„ინტერფაქსს“ კი სანდო წყარომ განუცხადა, რომ ოსი სამართალდამცველები ალა ჯიოევას დაპატიმრებას აპირებდნენ. ისინი ოპოზიციის ლიდერის შტაბში დაპატიმრების ორდერით მივიდნენ.
ამასთან, სააგენტო „რია ნოვოსტი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამართალდამცველებს განზრახული ჰქონდათ, ალა ჯიოევა იძულების წესით მოწმის სტატუსით დაეკითხათ ცესკოს შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ის შეუძლოდ გახდა.