საზოგადოება
ივანიშვილმა აქციაში მონაწილეობა მიიღო

akcia-ivanishviliთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც  პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად 9 თებერვალს თბილისში ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მან აქციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პრეზიდენტ სააკაშვილს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებისა და კონკრეტული დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

„მე მაინც მინდა, ვისარგებლო და კიდევ ერთჯერ მოვუწოდო მას [სააკაშვილს]: მას დარჩა ძალიან ცოტა დრო და მისთვისაა უკეთესი და შეღავათი იქნება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი სამართლიანობის აღდგენის ქვეყანაში. რასაც ვერ მოახერხებთ თქვენ დღეს და ხვალ, ჩვენ მოვახერხებთ გვიან, მაგრამ თქვენ დაისჯებით უფრო მკაცრად“, – განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე გამოსვლისას.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლების „ძალადობის პოლიტიკის“ გამო პოლიციის მიმართ განწყობა უარყოფითისკენ არ უნდა შეიცვალოს, რადგან „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი პოლიციელი“.

„მე არ მინდა, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ისეთი განცდა, რომ ყველა პოლიციელია დამნაშავე ამ პროცესებში, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება, – მიმართა შეკრებილებს ივანიშვილმა. – მე ვფიქრობ, რომ რაღაც 50 თანამშრომელი ჰყავს დღეს პოლიციას, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს და ეს არ მინდა, რომ საზოგადოებამ გაავრცელოს მთლიანად ჩვენს პოლიციაზე. იქ ძალიან ბევრი ღირსეული მოქალაქე მუშაობს და მათ დიდი სურვილი აქვთ, დაიცვან ჩვენი უფლებები. ერთადერთი კაცი, ეს გახლავთ სააკაშვილი, ეს არის მისი პოლიტიკა – ძალადობის პოლიტიკა და ამას უსრულებს მას რამდენიმე შემსრულებელი“.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი რამდენიმე თავის განცხადებაში შეეხო პოლიციის საქმიანობას. 12 ოქტომბერს გაკეთებული წერილობითი განცხადების მსგავსად, სადაც მან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „გამართული სისტემის“ შექმნის გამო შეაქო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ღონისძიებაზეც პოლიცია მან „კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლად“ მოიხსენია. თუმცა ივანიშვილი იქვე აკრიტიკებდა პოლიციის გაუმართლებელ სადამსჯელო ღონისძიებებს, მის პოლიტიზაციას და ამ სისტემის დათრგუნვისა და დაშინების იარაღად გამოყენებას ხელისუფლების მიერ.