თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოსა და თურქეთში კულტურული და რელიგიური ძეგლების აღდგენა-მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი გვირგვინი ოშკი, ასევე, იშხანის ტაძარი, ინგრევა და უკვე განადგურების პირას არის მისული.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გამოდის რა მოსაზრებიდან, რომ ამ ძეგლების საბოლოო განადგურება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ქართველი ერისათვის, უკვე რამდენიმე წელია, აწარმოებს მოლაპარაკებას თურქულ მხარესთან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენისა და მომავალი თაობებისათვის პირვანდელი სახით გადაცემის კუთხით.ამ მოლაპარაკებების დროს თურქულმა მხარემ დააყენა საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური კულტურის ძეგლების აღდგენისა და მოვლის თაობაზე. კერძოდ, ოშკსა და იშხანში განხორციელებული სამუშაოების კვალდაკვალ თურქული მხარე აყენებს საკითხს ახალციხის არსებული მეჩეთის მოვლისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის თაობაზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახალციხეში მეჩეთი უკვე არსებობს მეჩვიდმეტე საუკუნიდან, ახალციხის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე. ამჟამად ხორციელდება არა მეჩეთის მშენებლობა, როგორც მცდარად ვრცელდება ცნობები ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ, არამედ ციხის ტერიტორიაზე ჯაყელების ისტორიული სასახლის და ქართული ქრისტიანული ტაძრის ახალი მშენებლობა. ეს ძეგლები რუსული ჯარის მიერ იქნა განადგურებული და ციხის მთლიანი კომპლექსის აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია ბოლო წლებში განხორციელებულ საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენის სფეროში. პროექტი ემსახურება საქართველოს ამ ისტორიული ქალაქის საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად ქცევას და შედეგად ხალხის დასაქმებასა და კეთილდღეობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მოსახლეობა მის განხორციელებას დიდ იმედებს უკავშირებს.
აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისათვის სრულად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს.
მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ცენტრებად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო, ისევე, როგორც, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. უკანასკნელი შეხვედრა ამ თემაზე კულტურის მინისტრმა საპატრიარქოში ამ ორიოდე დღის წინ გამართა, ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და, შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მომავალშიც სამინისტრო მზად არის, ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს“.