პოლიტიკა
ივანიშვილმა საქინფორმის კორესპონდენტის შეკითხვებს უპასუხა

politika-pasuxiთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 8 თებერვალს გამართულ ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგს ესწრებოდა საქინფორმის კორესპონდენტი ბაია ამაშუკელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს  ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შედეგების კონტექსტში შეკითხვები დაუსვა:

– ბატონო ბიძინა, იქნებ თქვენი პირით  გაცხადდეს  და გაუქარწყლოთ მოსახლეობას იმის შიში, რომ ხელისუფლების გადაბარება უნდა მოხდეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს ერთი. და მეორე: ირანთან, ღმერთმა დაგვიფაროს, სავარაუდო ომის შემთხვევაში, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, რამდენადაც მეზობელია ის ჩვენი და რაღაც საფრთხეები გვაქვს გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილი: „რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ეს სურვილი, და გასაგებია, როგორც პარტიას, და ამაში არაფერი ცუდი არაა, რომ მათ არჩევნები მოიგონ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. პრობლემაა მათ ლიდერთან. როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, მას არანაირ სერიოზულ თანამდებობაზე არ უნდა ჰქონდეს სურვილი დარჩენის. პარტიას აქვს ეს სურვილი და ცუდი არაფერი არაა,  მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ აქვთ ძალიან ცოტა შანსი, რომ ისინი დარჩნენ დომინანტად დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში.

მეორე კითხვასაც ვუპასუხებ. რაც შეეხება ირანის პრობლემას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს განვითარდა. განსაკუთრებული პოზიცია... ვთქვათ, ჩვენ გვყავს პარტნიორები და ჩვენ აუცილებლად უნდა დავრცეთ ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობაში“.

ბაია ამაშუკელი: ამ შემთხვევაში,  ჩვენ პოლიგონის როლში ხომ არ გამოვდივართ?

ბიძინა ივანიშვილი: „არა, პოლიგონი არ განიხილება და მე მგონი, რომ პოლიგონი საქართველოს... ეს არ შეეხება. მაგრამ, საერთო ჯამში,  რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი უბედურება. კარგი იქნება, თუ ეს არ მოხდება“.