სამართალი
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დავით ბაქრაძესთან შეხვედრას ითხოვს
advokatirovanieთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ახალი მოწვევის პარლამენტში ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც დავით ბაქრაძისადმი კოალიციის მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ჟურნალისტებისთვის დადგენილი ქცევის წესები იძლევა პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანად გაშუქების საშუალებას და არ აფერხებს პარლამენტის მუშაობას.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებისთვის ვიდეოკამერებით მუშაობის შეზღუდვის თაობაზე.
მსგავსი ინიციატივა, კოალიციის შეფასებით, საქართველოს მთვარობისა და სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვით დასრულდა. კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით და შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას – მიიღონ ობიექტური ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ.
„კოალიცია მოგმართავთ თხოვნით, შეგვხვდეთ აღნიშნული საკითხის განსახილველად“, – ნათქვამია კოალიციის მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარისადამი.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის ინდივიდუალური კამერებით მუშაობაზე შეზღუდვის დაწესება პარლამენტის ახალ შენობაში იგეგმება. შეზღუდვა იქნება საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე. იგეგმება, რომ აღნიშნული სხდომები გადაღებული და პირდაპირი ეთერის პრინციპით გადაცემული იყოს სპეციალურ მედიაცენტრში. საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, სხდომებზე იმუშავებს მეორე არხის 8-8 კამერა, შესაბამისად, ტელევიზიებს საშუალება ექნებათ, სასურველი კადრები 8 კამერის მიერ გადაღებული მასალიდან აიღონ. ამასთან, უმრავლესობა პირობას იძლევა, რომ შეზღუდვა მხოლოდ ე.წ. შტატივიან კამერებს შეეხება, პატარა კამერებით მუშაობა კი ჟურნალისტებსა ჩვეულებრივ შეეძლებათ.