სამართალი
ნათელაშვილის წინააღმდეგ „პალიტრამედიის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა

media-palitraთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2011 წლის დეკემბერში „პალიტრამედიამ“ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს სასამართლოში საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ცნობების გავრცელებისთვის უჩივლა. „პალიტრამედია“ სასამართლოში შალვა ნათელაშვილისგან ბრალდებების იმავე მედიასაშუალებებით უარყოფას ითხოვდა, რომლითაც ეს ბრალდებები გავრცელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 2012 წლის 8 თებერვალს, გამართულ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის შესახებ მოპასუხე მხარეს ეცნობა, თუმცა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

„პალიტრამედიას“ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზვიად კორძაძე იცავდა. „სასამართლომ დღეს განიხილა სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ. შალვა ნათელაშვილმა არ შემოიტანა შესაგებელი „პალიტრამედიის“ სარჩელთან დაკავშირებით. დღეს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა არც შალვა ნათელაშვილი და არც მისი წარმომადგენელი. როგორც სასამართლომ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ მოპასუხე მხარეს, რომელმაც სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკისრა ნათელაშვილს ცნობების უარყოფა, რომელიც მან გაავრცელა „მაესტროს“, „კვირის ქრონიკისა“ და „ალიას“ მეშვეობით. განცხადებებში ნათელაშვილი ბრალს სდებდა „მედიაპალიტრას“ ბავშვებისთვის სკოლის წართმევაში, მილიონების მიღებაში ბიძინა ივანიშვილისგან. ჩვენი ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია“, – განაცხადა კორძაძემ და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტებს“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.