თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. ინა გუდავაძის მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ახლახან ქართულ მედიაში ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ქ-ნ ინა გუდავაძის განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვანო ჩხარტიშვილის მიმართ მნიშვნელოვანი პრეტენზიები არსებობს და ამ პრეტენზიებმა საქართველოსა და დასავლეთის სასამართლოებისადმი მიმართულ სარჩელებში სათანადო ასახვა ჰპოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ იგი ორი წელია, არ წარმდგარა ქართული საზოგადოების წინაშე და არც იმ მიზეზებზე ულაპარაკია, რის გამოც იძულებული გახდა, საქართველო ოჯახთან ერთად დაეტოვებინა. ყველა ამ და სხვა კითხვას მისგან მალე გაეცემა პასუხი. რაც შეეხება განცხადებას, მისთვის ადამიანურად მძიმეა, ედაოს იმ კაცის მეუღლეს, რომელთანაც მეგობრობისა და საქმიანი პარტნიორობის მრავალი წელი აკავშირებდა. გარედან მაყურებლისთვის ეს საქმე შეიძლება, ქონების გამო მორიგი ბანალური დავა იყოს. „ჩემთვის იგი, უპირველესად, ღირსების საქმეა, რადგანაც ეჭვქვეშ დგება ჩემი რეპუტაცია და ის პრინციპები, რითაც დღემდე მიცხოვრია და რაც მე და ბადრის გვაკავშირებდა“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.„აღნიშნულს ვითვალისწინებდი, როცა მავანი „კეთილისმყოფელების“ წყალობით დათესილმა უნდობლობამ იჩინა თავი და მის გასაქარწყლებლად ქ-ნ ინას შევთავაზე, აერჩია მსოფლიოს 5 საუკეთესო აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩემი და ბადრის საქმიანი ურთიერთობის ყველა ნიუანსს დაწვრილებით შეისწავლიდა. მე მზად ვიყავი, უპირობოდ დამეთმო ნებისმიერი აქტივი, რომელზეც სამართლიანი მოთხოვნა გაჩნდებოდა და უაპელაციოდ შემესრულებინა ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა მიუკერძოებელი არბიტრი. ასევე, საკუთარ თავზე ვიღებდი ფირმის მომსახურების ხარჯებს. ჩვენ დღესაც ამ პირობაზე ვდგავართ. სამწუხაროდ, ქ-ნმა ინამ სხვაგვარად გადაწყვიტა და შეიძლება, ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით ჩვენს შორის არსებულმა რადიკალურად განსხვავებულმა მიდგომებმა. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის შეუფასებელი აქტივი და ქართული საზოგადოების თავისუფლების სიმბოლო იყო და მისი დათმობა არ შეიძლებოდა. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება ქ-ნ ინას სხვა გზა არც ჰქონდა და იგი მისი ხელისუფლებასთან ბოლო დროს მიღწეული გარიგებების მძევალია. ასევე, ბევრ კითხვას ბადებს ჯოზეფ ქეის ჩემს პერსონასთან პარალელის გავლება და ქართული სასამართლოს იმედად ყოფნა. ვინ, თუ არა ქ-მა ინამ, კარგად უნდა იცოდეს, თუ ვის წარმოადგენდა ბატონი ქეი მასთან დავებში და ვის ინტერესებს იცავდა და დაიცავს დღევანდელი ქართული სასამართლო.
და კიდევ, რატომ 4 წლის შემდეგ და რატომ ახლა?
გვინდა, გვჯეროდეს, რომ ქ-ნი ინა ჩემი პიროვნების დისკრედიტაციით დაინტერესებული გავლენიანი ძალების ბრმა იარაღი არ გახდება. ყველა შემთხვევაში, ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, ჩვენ ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას და ეს მომავალშიც ასე იქნება ბადრის ოჯახის თითოეულ წევრთან და ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნას და მისი ოჯახის რეპუტაციას. ამიტომაც ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი კომენტარი აღნიშნულ თემაზე. დაე, მიუკერძოებელმა საერთაშორისო და არა ქართულმა სასამართლომ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. ჩვენც გვჯერა, რომ სიმართლე იზეიმებს და სამართალი აღსრულდება“, – აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა“.