შალამბერიძის გამოხმაურება საგარეო უწყების განცხადებაზე
თბილისი, 9 თებერვალი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების უკანდახევას რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით, რაც, პარტიის გენერალური მდივნის – ალექსანდრე შალამბერიძის, თქმით, გაცხადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში: „თუ ქართული პროდუქცია შევიდა რუსულ ბაზარზე და ქართულმა ბიზნესმა იქ განაახლა საქმიანობა, ჩვენ, ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, მათ წარმატებას ვუსურვებთ“ (ნიკოლოზ ვაშაკიძე, მინისტრის მოადგილე, 06. 02. 12).
„სწორედ „თავისუფალი საქართველოს“ ძალისხმევით მოხერხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებით, რაც დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადება არ დარჩება მხოლოდ განცხადებად და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ესოდენ მნიშვმელოვანი საკითხი პრაქტიკულ ცხოვრებაში განხორციელებას პოვებს. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მიღწეული შედეგების განმტკიცება, რომელიც აისახება თითოეული ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე“, – აცხადებს შალამბერიძე.