აქტუალური
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

ogranicheniaთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები ამ დრომდე რჩება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იტყობინებიან, დილიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა რიკოთის უღელტეხილი, სადაც წუხელ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს შეზღუდვები დაუწესდათ.

კახეთის მიმართულებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, დანარჩენი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.

ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს.