პოლიტიკა
„თბილისის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ხრიკია“

neitraluri-dokumenti-afxazთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები და პირადობის ნეიტრალური მოწმობები თბილისის ხრიკია, რაც  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის მოტყუებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ეს „ნეიტრალური პასპორტები“ რეალურად სულაც არ არის ნეიტრალური, რადგან დოკუმენტებში ქვეყნის კოდში საქართველოა მითითებული, ხოლო გამცემი ორგანოს გრაფაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მისი თქმით, თბილისის ეს ხრიკი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოლიტიკის „მორალურ წამგებიანობას, რომლის მიზანიც აფხაზებისა და ოსების უკან – საქართველოში, დაბრუნებაა“.

„რესპუბლიკების მრავალწლიანი დამახრჩობელი ბლოკადა და 2008 წლის აგვისტოს ბარბაროსული სამხედრო თავდასხმა საქართველოს მმართველებს საკუთარი გეგმების განხორციელებაში ვერ დაეხმარა. ახლა ისინი ფსონს მოტყუებასა და სხვადასხვა სარგებლის დაპირებაზე დებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქიზი ჩართულობის არსი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მოთხოვნა ამგვარ დოკუმენტებზე არცთუ მაღალია და თავად საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ „მხოლოდ რამდენიმე ათეული ასეთი დოკუმენტი გაიცა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხი ბევრად ადრე დაისვა, ვიდრე მოსკოვი მათ აღიარებდა. „თუმცა სწორედ საქართველომ დაბლოკა მაშინ ეს შესაძლებლობა, რამაც დიდწილად განაპირობა ის, რომ რესპუბლიკების მოსახლეობამ მასობრივად მიმართა რუსეთს მოქალაქეობისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.