რედაქტორისგან
ჩვენი "მატარებელი" სწორი გზით მიდის?!

matarebeli-2თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. ძვირფასო მკითხველებო! დღეს, დილით, საქინფორმის კორესპონდენტი მივლინებით ბათუმში გაემგზავრა. როდესაც მან სამი დღის წინათ რკინიგზის ცენტრალური სადგურის სალაროში სამგზავრო ბილეთი შეიძინა (რომელსაც, რატომღაც, „მეორე კლასი“ ეწერა), მოლარესთან საუბარში სპეციალურად გაამახვილა ყურადღება: "თბილოდა თუ არა სამგზავრო ვაგონებში?" პასუხად კი მიიღო: „რას ბრძანებთ, თბილა კი არა, ცხელა!“

(მკითხველს შევახსენებთ, რომ მატარებელი „თბილისი-მახინჯაური“ სწორედ ის მატარებელია, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ „ნაცმოძრაობის“ ყბადაღებული პიარის საგანი იყო და რომლის პირველი შემადგენლობის მწყობრში ჩაბარებას პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი ესწრებოდა და ტელეინტერვიუც გვაღირსა.)

სიურპრიზები დღეს, დილით, იმით დაიწყო, რომ ნაქებმა მატარებელმა 40 წუთით დააგვიანა, ანუ 08:40 საათზე ჩამოდგა პირველ ბაქანზე, როდესაც, როგორც ბილეთში იყო აღნიშნული, 08:30 საათზე უკვე თბილისის ცენტრალური სადგურიდან გასული უნდა ყოფილიყო.

მეორე სიურპრიზი კი უფრო არასასიამოვნო აღმოჩნდა – საქინფორმის კორესპონდენტი მობილური ტელეფონით დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ვაგონში საშინლად ცივა და გათბობა არ მუშაობს, რამაც მგზავრების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ თავიანთი ბარგიდან თბილი ტანსაცმელი ამოალაგეს და რომ არ გაყინულიყვნენ, მაქსიმალურად შეიმოსნენ...

10:00 საათიდან საქინფორმი უშედეგოდ ცდილობდა კომპანია „საქართველოს რკინიგზას“ ყველა იმ ნომერზე დაკავშირებოდა, რომლებიც ჩვენ საინფორმაციო სამსახურმა „11808“-მ მოგვაწოდა. მათ შორის, კომპანიის ხელმძღვანელის, ბატონ ირაკლი ეზუგბაიას მისაღებს (ნომერზე 2 19 88 00) და „საქართველოს რკინიგზის“ კანცელარიას (ნომერზე 2 19 91 58).

P.S. ცუდ განწყობაზე რომ არ დავასრულოთ ჩვენი ინფორმაცია, ერთი "სასიამოვნო" სიურპრიზიც უნდა გითხრათ: თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის დარბაზის კედლებს რამდენიმე უზარმაზარი ბანერი ამშვენებს. მათზე „ძია სემის“ ცნობილი გამოსახულებაა დატანილი წარწერით: „შენ სწორი გზით მიდიხარ!“

ძალაუნებურად გახსენდება გიორგი შენგელაიას ცნობილი ფილმი "მიდის მატარებელი..." და ჩნდება კითხვა: რა შუაშია ეს პოლიტიკური შინაარსის შემცველი პლაკატი რკინიგზის სადგურთან?! ჩვენი „მატარებელი“ მართლაც სწორი გზით მიდის?! იქნებ, ჩვენი „მატარებელი უკვე წავიდა“ ან გაფუჭდა და, საერთოდ, დეპოშია?..

P. P .S. ამ წუთებში საქინფორმის კორესპონდენტმა რედაქციაში კიდევ ერთხელ დარეკა  და გვაცნობა, რომ არმისული ქობულეთამდე, მატარებელი გაფუჭდა და გაჩერდა! გაბრაზებულ მგზავრებს მემანქანემ განუცხადა, რომ მატარებლის შესაკეთებლად ერთი საათი მაინც დასჭირდებათ...