პოლიტიკა
საქინფორმის მთავარი რედაქტორის საგანგებო განცხადება

politik-3თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. ძვირფასო მკითხველო! გთავაზობთ საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, საგანგებო განცხადებას, რომელმაც გუშინ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“გაავრცელა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში თავისი გვერდის მეშვეობით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის საგანგებო განცხადება

გუშინ, 7 თებერვალს, დაახლოებით, 13.00 საათზე, მას შემდეგ, რაც საქინფორმის საიტზე saqinform.ge დაიდო ჩვენი საგანგებო განცხადება – „სდექ, მიხეილ!“– გაითიშა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერი serv.ge, რომელიც ასეულობით ინტერნეტპორტალის მუშაობას – ჰოსტინგს, უზრუნველყოფს.

თანამშრომელთა თავდაუზოგავი მეცადინეობით, საქინფორმის საიტის მუშაობა რამდენიმე საათში აღდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობასთან არსებულმა ინტერნეტდივერსანტთა ჯგუფმა კვლავ მოახდინა კიბერშეტევა serv.ge-ზე.

serv.ge-ს ხელმძღვანელთა თქმით, ეს იყო ე.წ. DDOS-შეტევა და ისინიც იძულებულნი იყვნენ, შეეჩერებინათ მუშაობა საკუთარ მომხმარებელთა საიტების უსაფრთხოების მიზნით.

თამამად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ყოველივე განხორციელდა ჩვენ მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის დასაბლოკად, რომელიც ამხელდა აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფარულად გაცხადებულ მზადყოფნას – დაუთმოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო აეროდრომები აშშ-ს ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის განხორციელების მიზნით.

ანალოგიური DDOS-შეტევა განხორციელდა დღეს, 8 თებერვალს, საღამოს, როცა „ასავალ-დასავალმა“ საიტზე დადო ინტერვიუ ქართული ოცნებისლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, რომლის არასწორ ინტერპრეტაციას უკვე ორი დღის მანძილზე ახდენენ საქართველოს ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიები.

P.S. საქინფორმი მადლობას უხდის serv.ge-ს ხელმძღვანელობას და კოლექტივს DOS-შეტევის მოგერიების საქმეში გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი