სამართალი
თბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტს და პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მათი საქმიანობის მაქსიმალური საჯაროობისაკენ.
„პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს. ის არჩეულია ხალხის მიერ, შესაბამისად, პარლამენტის ნებისმიერი წევრი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.სწორედ ამიტომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილმა, რომელიც მედიის საქმიანობას ეხება და ვიდეოგადაღების ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, შეამციროს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება პარლამენტის საქმიანობაზე, შესაძლოა, მუშაობის პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე გახდეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას მაქსიმალურად უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.