თბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს პარლამენტს, რომ მომდევნო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, რომელიც ქუთაისში განთავსდება, ჟურნალისტებს ვიდეოკამერებით მუშაობის შეზღუდვა არ დაუწესდეთ
ამგვარი შეზღუდვის დაწესებას, სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თეზისები, რისთვისაც კანონპროექტის ფორმის მიცემაზე პარლამენტში მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
მისი ერთ-ერთი ავტორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელ ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებში ტელეკამერები, სავარაუდოდ, არ დაიშვება. მისი თქმით, ყველა დარბაზში სხვადასხვა რაკურსით დამონტაჟებული იქნება 7-8 კამერა, რომელთა მეშვეობითაც ჟურნალისტებს შეეძლებათ სასურველი მასალის გადმოწერა. ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში დასწრება ჩვეულებრივად შეეძლებათ, თუმცა ინდივიდუალური კამერების გარეშე – მსგავსი წესი სასამართლოებში 2007 წლიდან მოქმედებს.სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი აღარ იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი შეხლა-შემოხლისა თუ სხვის მაგივრად ხმის მიცემის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც არაერთხელ გასულა სატელევიზიო ეთერებში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საია აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არმყოფი დეპუტატების ნაცვლად ხმის მიცემა მათი კოლეგების მიერ, რასაც „ადეკვატური რეაგირება“ არ მოჰყოლია.
„უმჯობესია, საქართველოს პარლამენტმა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ზემოთ აღნიშნული მრავალგვარი დარღვევის აღკვეთისაკენ, და არა ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისაკენ, – აცხადებს საია 7 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში. – გამოვთქვამთ იმედს, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმართული იქნება არა დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტების გაუარესების, არამედ მათი კიდევ უფრო ამაღლებისაკენ, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით უფრო და უფრო აქტუალური ხდება“.
საია მოუწოდებს პარლამენტს, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავების „დახურული“ პროცესი საჯარო გახადოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.
ახალი რეგლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული. გოგორიშვილის განცხადებით, მისი ის ნაწილი, რომელიც მომდევნო პარლამენტის ქუთაისში გადატანის გამო მუშაობის ახლებურად დარეგულირებას უკავშირდება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენი ნაწილი, რომელიც კონსტიტუციის ახალი დებულებებიდან გამომდინარეობს, 2013 წლის ბოლოდან ამ ნორმების ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.
მისი თქმით, შესაძლოა, ახალ რეგლამენტში მოხდეს იმ სანქციების ლიბერალიზაცია, რომლებიც დეპუტატთა გაცდენებს და სხვის მაგივრად ხმის მიცემის ნორმებს უკავშირდება. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, დაიქვითოს დეპუტატის ხელფასის არა მთლიანი ოდენობა, რაც, გოგორიშვილის განცხადებით, უმოქმედო სანქცია იყო, არამედ მისი 10-20%. გარდა ამისა, შესაძლოა, ახალმა რეგლამენტმა პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების რეჟიმიც ახლებურად დაარეგულიროს, რათა მომავალ პარლამენტში კანონმდებლებმა ვეღარ შეძლონ, თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე მუდმივად თქვან უარი ბოიკოტირების მოტივით. ამ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში ლეიბორისტი დეპუტატები იმყოფებიან. გოგორიშვილის ინფორმაციით, ახალი რეგლამენტით პარლამენტის მუშაობა შესაძლოა, სასესიო და საკომიტეტო კვირებად აღარ იქნეს დიფერენცირებული.
ამავე დროს, 7 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს პერიოდი დატვირთული და ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო საშემოდგომო სესია სრულყოფილად ვეღარ ჩატარდება.