საზოგადოება
9-დან 13 თებერვლამდე საჯარო სკოლებში სწავლა შეწყდება

swavla-shashkiniთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განმარტა, დიდთოვლობისა და ყინვის გამო საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლამდე სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდება.

მინისტრმა სწავლის შეწყვეტის შესახებ განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.

მისივე ინფორმაციით, უამინდობის გამო საქართველოს სკოლების 70%-ში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

გაცდენილი სასწავლო აკადემიური საათები მომავალი კვირიდან ანაზღაურდება და მოსწავლეები სკოლაში შაბათსაც ივლიან.

ამასთან, შაშკინის ინფორმაციით, სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს უკვე დაავალა, შეისწავლოს უამინდობისგან სკოლებისთვის მიყენებული ზარალი, რომლის აღმოფხვრაც შაბათ-კვირას უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო ყველაზე რთული ვითარება კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთშია.