თბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში პრესის გამავრცელებელი სტენდი-ველოსიპედები გამოჩნდა. ახალი მეთოდით ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა „თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის“ მიერ გამართულ აქციაზე დაიწყო მეტრო „რუსთაველთან“.
პრესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ აქციაზე სახელწოდებით „ვიკითხოთ მეტი!“ ის სტენდ-ურიკებიც მოძრაობდა, რომლებითაც დედაქალაქში პრესა უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამგვარი აქციები პრესის გაძლიერებას ემსახურება.„რაც მეტი საშუალება იქნება პრესის გასავრცელებლად, უკეთესია. მით უფრო, თუ საუბარია ასეთი ტიპის უჩვეულო, განსხვავებულ თანამედროვე საშუალებებზე. ამ აქციით ჩვენ ვამბობთ, რომ პრესას არ დავთმობთ. მოვძებნით კიდევ უფრო ქმედით და ძლიერ ნაბიჯებს, რათა პრესა ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მკითხველს ამ აქციით ვეუბნებით – ჩვენ მათ ვემსახურებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“,– განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
პრესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ აქციაში ექსპერტი გია ხუხაშვილიც ჩაერთო. მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული საშუალებების დასაცავად მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
„დღეს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და ცდილობს, უკანასკნელი რესურსებიც კი გამოაცალოს. ჯიხურების ისტორია ყველას გვახსოვს და, თუ გვინდა ჩვენი გაცხადებული ორიენტირების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების რეალიზება, მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს პროცესში, რომელიც ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს დაიცავს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
აქცია მეტრო „რუსთაველთან“ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მკითხველებმა პრესის რეალიზაციის ახალი მეთოდი მოიწონეს და სტენდი-ველოსიპედებიდან ჟურნალ-გაზეთებიც შეიძინეს.