საზოგადოება
შობადობის კლება საქართველოს კატასტროფამდე მიიყვანს

Sobadobaთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ანალიტიკური პროექტი „საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები და მოსალოდნელი დემოგრაფიული საფრთხეები“ ქვეყანაში მკვიდრი მოსახლეობის შობადობის კატასტროფულად კლებას ეხება, რაც თანდათანობით გამოიწვევს ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული ეკონომიკის დაკარგვას, სახელმწიფო ენის დაკნინებას, ერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესუსტებას. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ეროვნული ცნობიერების დაქვეითება და დემოგრაფიული სტრუქტურის საშიში ცვლილება.

მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან იგი ისეთ უნიკალურ, მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესთა გადაკვეთა საკმაოდ მნიშვნელოვანია და, ამდენად, საკუთარი ინტერესების დაცვა – გაძნელებული.

პროექტის ჩარჩოებში ჩატარებული კვლევის შედეგად ვლინდება, რომ როგორც უნდა გაუმჯობესდეს საარსებო პირობები, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება და ეს პროცესი გამოკვეთილად (თუ ასე გაგრძელდა და რადიკალური ზომები არ მივიღეთ) განსაკუთრებული სიმწვავით უკვე 7-8 წლის შემდეგ იჩენს თავს, ხოლო პიკს 2020-იანი წლების დასაწყისში მიაღწევს.

მომავალში ეკონომიკური ზრდის პარალელურად თავს იჩენს შრომითი რესურსების ნაკლებობის პრობლემა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეტად საშიში, არასასურველი იმიგრაციული პროცესი და ქვეყანა მოკლე ხანში დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

მიღებული დასკვნებით, ქვეყანაში არსებული შობადობის კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, საშუალოდ ერთ ქალზე მოდიოდეს 2,1 ბავშვი, ანუ ერთმა ქალმა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში გააჩინოს 2,1 ბავშვი.

ანალიტიკური პროექტის ძირითადი ავტორია დემოგრაფი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე.

„თავისუფალი აზრის სახლი“ აგრძელებს ანალიტიკურ პროექტებზე მუშაობას და შემდეგი კვლევები სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სამედიცინო მომსახურებისა და საქართველოს წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს დაეთმობა.