ოფიციალური თბილისი ქართული პროდუქციის რუსეთში გასვლის წინააღმდეგი არ არის
თბილისი, 7 თებერვალი,
საქინფორმი. „კარასინის განცხადება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ სწორედ პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს უყურებს როგორც კერძო ბიზნესის თემას, საქართველოს მთავრობას არც პროდუქციის შეტანის შეწყვეტასთან ჰქონდა რაიმე კავშირი და არც შეტანის განახლებასთან. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააკეთა განცხადება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, კარასინმა განაცხადა, რომ არ არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობა იმისა, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.