სამართალი
„განახლებული საქართველოს“ ოფიციალური მიმართვა აშშ-ის ელჩსა და დიპკორპუსს

11guluas-partiaთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „განახლებული საქართველოს“ აშშ-ის ელჩსა და  საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოფიციალური წერილით მიმართავს.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „განახლებული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროს ლაშა გვასალიას ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, ლაშა გვასალიას მამა რომან გვასალია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც პარტია „განახლებული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია მიიჩნევს, ეს ფაქტი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“, – აცხადებენ პარტიაში.

მისივე ინფორმაციით, ლაშა გვასალიას ორგანიზებით ამასწინათ ხობის რაიონში პარტია „განახლებული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია დაარსდა და პარტიის მხარდამჭერებისა და მოსახლეობისათვის აგიტაცია გასწიეს.

„ასევე, ცნობილი გახდა, რომ „განახლებული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ოფისის მეპატრონეს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა ოფისი იძულებით დაახურინეს. მიუხედავად დემოკრატიული თანამეგობრობის არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც სულ ახლახან პრეზიდენტ ობამას მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი მკაფიო მესიჯით დაგვირგვინდა – „ველოდებით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების ფორმალური (ოფიციალური) გადაცემა“, საქართველოს ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით კვლავ აგრძელებს მოსახლეობის შანტაჟს, ტერორსა და ხელისშეშლას ნორმალური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების წინააღმდეგ. 4 თებერვალს პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის დაფუძნებისას გარდაბნის რაიონში ადგილი ჰქონდა უშიშროების ადგილობრივი ორგანოების მხრიდან შეკრებილი მხარდამჭერების მიმართ შანტაჟს და მუქარას, რაც გამოიხატა უშიშროების ორგანოს რამდენიმე მანქანის პერმამენტული მოძრაობით, თვალთვალით და ვიდეოგადაღებით, რის გამოც ოფისის მეპატრონე იძულებული გახდა, უარი ეთქვა რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების ღონისძიების ჩატარებაზე. ადგილობრივ აქტივისტებსა და პარტიის ლიდერ ნანა გულუას გუნდის წევრებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება გარდაბნის რაიონის ყოფილი მებოსტნეობის მეურნეობის შენობაში მოუხდათ, რაც შეიძლება შეფასდეს კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური აქტივობის ხელისშეშლად“, – აცხადებენ პარტიაში.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი ნანა გულუა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯონ ბასსა და დიპლომატიური მისიების სხვა წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართავს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვოლონტარიზმი არ დაუშვას და თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნეს უზრუნველყოფილი.