პოლიტიკა
საქინფორმის საგანგებო განცხადება: STOP, MIKHEIL!

stopp

თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. თანამემამულენო! სიტუაცია ირანის გარშემო დღითი დღე იძაბება – დროის ათვლა უკვე საათებზე მიდის და ომი შესაძლოა, ხვალაც კი დაიწყოს. მართალია, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები პრესისათვის გაკეთებულ განცხადებებში ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, მაგრამ ერთ რამეში ყველა პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა: ომი, რომელიც მასშტაბით შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, გარდაუვალია და  დაიწყება არაუგვიანეს ა.წ. ივლისისა.

საქინფორმი მუდმივად აცნობდა მკითხველს ამ საჭირბოროტო თემაზე  მასალათა ფართო სპექტრს მსოფლიო პრესიდან, გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალებისა და ინტერვიუების სერია, რომელთა ავტორები და რესპონდენტები (ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები) მოვლენათა შესაძლო განვითარების მოდელირებას ახდენდნენ და გვაფრთხილებდნენ საქართველოსათვის მომაკვდინებელი საფრთხის შესახებ ომში მისი ჩათრევის შემთხვევაში.

2012 წლის 30 იანვარს კი საქინფორმმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?, რომელშიც ეწერა: 

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და, როგორც ექსპერტებისა და პოლიტიკოსთა წრეებში ვარაუდობენ, ფარულად მისცემს თანხმობას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსებაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო? თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ამერიკის სამხედრო ავიაცია, ფლოტი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განლაგდეს და საქართველომ ამერიკასთან ერთად ირანის წინააღმდეგ იომოს?

და აი, როგორც ჩანს, ჩვენი ყველაზე ცუდი ვარაუდები მართლდება. ამიტომ დღეს საქინფორმი მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს – მათი პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად - საგანგებო განცხადებით:

სანდო ინფორმაციის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის დეტალურად გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის ლიდერმა ქართველ კოლეგას მოსთხოვა, დაუთმოს საქართველოს ტერიტორია (აეროდრომები) ამერიკული საბრძოლო ავიაციის გაფენისათვის, რომელიც თეირანს დაარტყამს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო ტრაგიკულ შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად).

საქინფორმისათვის უცნობია, როგორ შეიტყო ამ შეთანხმების შესახებ ირანის ხელისუფლებამპრეზიდენტები ხომ პირისპირ საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ვაშინგტონიდან მიუნხენს გაფრინდა, რათა ა.წ. 5 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე 48-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო, შემთხვევით წამოცდა, ანდა სპეციალურად იტრაბახა ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირესთან აშშ-თან მიღწეულ შეთანხმებით, რომელსაც უკვე მესამედ ერაყისა და აღანეთის შემდეგ დასჭირდა პატარა საქართველოს დახმარება.

ასევე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ინფორმაციის გაჟონვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული და ირანის ოპერატიულად მომუშავე დაზვერვისათვის გახლდათ განკუთვნილი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია მარტო ის, რომ ირანის საპასუხო რეაქციას არ დაუყოვნებია: იმავე დღეს 2012 წლის 5 თებერვალს, ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ სააგენტო როიტერს განუცხადა: ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ ოპერაციებს განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო აგრესიას მიიღებს.

ეს მესიჯი იყო საქართველოსთვის მისი ხელისუფლებისა და ხალხისათვის. 

ასევე, გატყობინებთ, რომ ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე შეიმუშავა იმ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმისათვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებმაც თავისი ტერიტორია დაუთმეს ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს. კერძოდ, ირანზე აშშ-ის „პრევენციული“ იერიშის შემდეგ სავარაუდოა მასირებული საპასუხო დარტყმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე (უწინარესად – აეროდრომებზე, სამხედრო ნაწილებზე, ნავთობისა და გაზსადენებზე, პორტებზე, სადგურებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც ცნობილია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტების – თბილისისა და სხვა ქალაქების ცენტრებში თუ არა, უშუალო სიახლოვეს მდებარეობს).

საქართველოში (ისრაელისა და არაბეთის მონარქიებისგან, ასევე, კავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, განსხვავებით) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე კომპლექსების არარსებობის პირობებში, რომლებსაც ირანის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შეჩერება შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასუხო დარტყმის შემთხვევაში საქართველო თეირანისათვის იოლი და მოწყვლადი მიზანი იქნება (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით «КЗакВО»-მ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა, ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბარბაროსულად გაიძარცვა და გაიყიდა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა, ლიკვიდირებულ იქნა).

თანამემამულეებო! მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში გიგანტურ ქვეყნებს შორის მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად დაუნდობელი და შეუნიღბავი ბრძოლა მიმდინარეობს. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დღეს 2.5 მლნ კაცამდე შემცირდა, ამ ბრძოლაში ჩართვა ოკეანისგაღმა იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების, მხარეს, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ირანული რაკეტები ვერ მიაღწევს?! აშშ-ის ამბიციების გამო ჩვენი შვილები 2008 წლამდეც იღუპებოდნენ ერაყში, დღესაც იღუპებიან ავღანეთში. შედეგად კი ტერიტორიების 20% დავკარგეთ, ძმებთან და უახლოეს მეზობელთან ვიჩხუბეთ...

ამ ომებმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც და ამერიკის ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარი შეიწირა, რითაც ამ ომებწაგებული ამერიკის ისედაც ასტრონომიული საგარეო ვალი კიდევ უფრო გაზარდა!

ინაღვლა კი საქართველოს ხელისუფლებამ 60 ათასი ფერეიდნელი ქართველის ბედზე ირანში?! განა მათთვის არ ამზადებენ ასობით სპეციალისტსა და მასწავლებელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განა შარშან მათ არ ეპატიჟებოდნენ ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში, დასაბრუნებლად პრეზიდენტი სააკაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II?

მივმართავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II, რომელმაც აღორძინებული საქინფორმი აკურთხა: თქვენო უწმიდესობავ, შეეცადეთ, შეაჩეროთ ეს უგუნურნი, როგორც არაერთხელ გიცდიათ ეს!

მივმართავთ ოპოზიციას: დროებით მაინც შეწყვიტეთ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, იბრძოლეთ საქართველოს გადასარჩენად!

მივმართავთ ხელისუფლებას: STOP, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უკან დაიხიეთ, ნუ დაღუპავთ საქართველოს, რადგან თუ საქართველო არ იარსებებს – არ ვიქნებით ჩვენც, მისი ხალხი და თქვენც, მისი ხელისუფლება...

საქინფორმი