სამართალი
თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყოფილი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენ ივანე (ვანო) ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„უკანასკნელი დროის განმავლობაში მასმედიაში დაფიქსირდა კითხვები და სპეკულაციები ბატონი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო სარჩელების შესახებ.
შემდგომი ვარაუდებისა და ჭორების აღსაკვეთად ვადასტურებთ, რომ ნამდვილად გვაქვს მნიშვნელოვანი პრეტენზიები ბატონი ჩხარტიშვილის მიმართ, რომლებიც წარმოადგენს საქართველოსა და დასავლური სასამართლოების აქტიური განხილვის საგანს.სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვემართა აღნიშნული ქმედებებისთვის, რადგან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მრავალჯერადი ცდა უშედეგო გამოდგა.
დარწმუნებული ვართ, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს, როგორც ეს მოხდა ჯოზეფ ქეის შემთხვევაში.
მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ვთვლით, გავაკეთოთ რაიმე დამატებითი კომენტარი, ვიდრე არ მივიღებთ სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებებს“.