პოლიტიკა
„The Washinton Post“ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ

12misha-obamaaთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „The Washinton Post“ წერს, „იმედი გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტმა გაიგონა ბატონ ობამას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი ელოდება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და იმას, რომ საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ მის შედარებას მოსისხლე მტერთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა განსხვავებები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია; პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში.

მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. მან უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ პუტინის მიერ დაპატენტებული მანევრის გამეორებას გეგმავს. სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა. „მე არ მინდა, ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)“, – გვითხრა მან.

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად, სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა ის თავის რეგიონში, კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების წამყვან კანდიდატად.

მაგრამ აი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“, მისი მოკავშირეები შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს.

პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამამ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ის ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვედრაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა.

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: „ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“ და იმას, რომ „საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა“. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად, გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა.

(ქართულ ტექსტს ავრცელებს foreignpress.ge)