თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცველების ინფორმაციით, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, კერძოდ კი, სანადირო თოფიდან ესროლეს. ჩიტაიას ქ. №21-ში მდებარე პაიჭაძის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„მეუღლემ დამირეკა და მომხდარის შესახებ მითხრა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 14:00 საათზე, მოხდა. სახლში ამ დროს მეუღლე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა პაიჭაძემ. მისივე თქმით, პირადი მტრები არ ჰყავს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც თავად ამბობს, „კვირის პალიტრაში“ ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავე სტატიებს – ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინვე სამართალდამცველებმა ბრალდებული ლაშა შარაშიძე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ლაშა შარაშიძე, რომელმაც 2012 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით, 14.00 საათზე, საკუთარი ავტომანქანიდან სანადირო თოფით მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია მოქალაქე ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელი სახლის ფანჯარას მოხვდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას და 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღესვე შსს-მ გაავრცელა ლაშა შარაშიძის ჩვენებაც, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა.