„ობამამ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ავღანეთში გაწეული სამუშაოებისთვის, სადაც იღუპებიან საქართველოს შვილები. როგორც ცნობილი ხდება, ნატოსაც გამოჰყავს ავღანეთიდან ჯარები, ერთადერთია სააკაშვილი, ვინც აგზავნის ჩვენს გაჭირვებულ ახალგაზრდებს ავღანეთში, რომლებიც მაღალი ხელფასისთვის (1000 დოლარი) საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რათა ოჯახები გამოკვებონ. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი საკუთარი გადარჩენისთვის ღუპავს საქართველოს შვილებს და ამისთვის ფულად და მთავრობაში დასარჩენ დივიდენდებს იღებს. ობამას განცხადებით, ავღანეთში ომი წლის ბოლომდე დასრულდება და ამერიკას საქართველოს მხარდაჭერა დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუ ირანსა და ამერიკას შორის კონფლიქტი ომში გადაიზრდება. სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, თანხმობა გამოუცხადა და ამით დაამტკიცა, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გამოცხადებული, და მეორე, რომ საქართველოს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს, რამაც შესაძლოა, ქვეყანა განადგურების პირამდე მიიყვანოს“, – აცხადებს ხომერიკი.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა კოლეგას განუცხადა, არის ის, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და სააკაშვილმა აღარ უნდა დაიკავოს არანაირი პოლიტიკური პოსტი ქვეყანაში.
„რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას, ეს არის სრული ბლეფი, რომელიც თავად მიშამ გაახმიანა, რათა შირმა შეექმნა იმ რეალური საუბრისთვის, რაც თეთრ სახლში გაიმართა და ამით პოლიტიკური ქულების მიღება სცადა. აშშ-ში არ განიხილება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების საკითხი, ან კი, საინტერესოა, რა შეიძლება გაყიდოს საქართველომ ამერიკაში?
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, ობამას განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს – ალიანსში გაერთიანდეს, და არა – ნატოს წევრობას, და, მით უფრო, არ დაჰპირებია არანაირ დახმარებას. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს არსებული კონფლიქტური ზონებისა და საზღვრების პირობებში საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს. ეს არის მხოლოდ ოცნება. მადლობა ღმერთს, რომ ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა, ეს საბოლოოდ გაანადგურებდა ქვეყანას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოცნებაც კი აღარ იარსებებდა“, – აღნიშნავს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი.