პოლიტიკა
თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერნეტგამოცემა „opinion.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ბურჯანაძის ფიგურა მიუღებელი იყო და აღნიშნა, რომ „ზოგი ამას – მის რუსულ ვოიაჟებს, ზოგიც ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირებს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის „რუსეთში დადიოდა და ივლის კიდეც, აუცილებლად შეხვდება რუსეთის მომავალ პრეზიდენტ პუტინს“.
„მე ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემს სამშობლოს გამოადგება ჩემი პირადი ურთიერთობა პუტინთან. მე შემიძლია ამ ადამიანს შევხვდე, ვესაუბრო, ჩემი პოზიცია დავუსაბუთო. სასაცილოდ არ მყოფნის მაგ ადამიანების ვითომდა ბრალდებები. ეს ხელისუფლების კლიშე იყო და, რა თქმა უნდა, აიტაცა ოპოზიციამ, მაგრამ დამანახეთ ერთი პრორუსული განცხადება ბურჯანაძის მიერ გაკეთებული. პროქართული – რამდენიც გნებავთ. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, მე არ ვაპირებ, არც რუსებს, არც ამერიკელებს, არც ევროპელებს და არც ავსტრალიელებს ჩემი ერთგულების მტკიცება დავუწყო. ყველას ვუმტკიცებ, რომ ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ, ჩემი ქვეყნის ინტერესში დღეს ნამდვილად შედის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. არასოდეს არ შემეშინდება იმის თქმის, რაც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანად მიმაჩნია“, – აცხადებს ბურჯანაძე.მისივე თქმით, „გულზე მჯიღის ცემა – პროამერიკელი ვარო, ეს ბევრ ქვეყანაში სასაცილოდ არ ეყოფათ“.
„არც პროამერიკელი უნდა იყო და არც პრორუსი, მაგრამ პროქართველი რომ იყო, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიები არის ჩამოცილებული დედასამშობლოდან. ეს ტერიტორიები დასაბრუნებელია. ამაზე ლაპარაკის არ უნდა გეშინოდეს. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ქართული ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, უფროს-უმცროსობა ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის ჩვენი პატივისცემისა და თაყვანისცემის საგანი. დიახ, გასაგებია, რომ სადაც ბურჯანაძეა, იქ ვიღაცები თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს მე ძალიან ნაკლებად მაწუხებს. მე ვიცი ძალიან კარგად ჩემი თავის, ჩემი პარტიის, ჩემი თანაგუნდელების ბრძოლის ფასი“, – აღნიშნავს არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი.