რელიგია
„ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა“

qadageba-05.02თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ყველას უნდა ჰქონდეს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი სიკეთისა. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ეს ძლევა, პირველ რიგში, ჩვენს გულში უნდა მოხდეს. გულში და გონებაში თუ გაიმარჯვებს სიკეთე, თუ შენ უარყოფ ბოროტებას გულში, ბოროტი ვეღარ მოგეახლება შენ“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმიდესმა და უნეტარესმა საკვირაო ქადაგებისას გაიხსენა ერთ-ერთი უკრაინელი მეცნიერის საფლავზე გაკეთებული წარწერა: „სოფელი ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო“... ამ დღეშია ყველა ადამიანი. სოფელი ცდილობს, დაიჭიროს ადამიანი – ზოგი ფულით, ზოგი თანამდებობით. ადამიანმა უნდა გაიგოს, ეს მახეა თუ არა, ეს ცდუნებაა თუ არა. მინდა, ყველამ ვიფიქროთ ამ საკითხზე. მაგალითად, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ სოფელმა ვერ დამიჭირა, დროდადრო იჭერს სოფელი ადამიანს, მაგრამ ის უნდა გათავისუფლდეს. სადღაც ადამიანი შეცდება, დაეცემა, ცუდ სიტყვას იტყვის, გაიფიქრებს, განიკითხავს, ეს ყველაფერი დაჭერაა“, – განაცხადა ილია მეორემ და მრევლს დავალებად მისცა, დაწერონ აღნიშნულ საკითხზე თემა და გაუგზავნონ კათოლიკოს-პატრიარქს.

„რთულია ადამიანის ცხოვრება, ეს არის ჩვენი გამოცდა, ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა“, – აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა.